მარნეულის მერი დაზარალებულს სექსუალური ძალადობით დაემუქრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატი ეკატერინე მიდოდაშვილი აცხადებს, რომ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი და ინციდენტში მონაწილე პირები დაზარალებულს სექსუალური ძალადობით დაემუქრნენ.ადვოკატის თქმით, სწორედ ამის გამო, დათანხმდა ელჩინ ალახვერდიევი ბოდიშის მოხდას და ვიდეოჩართვის გაკეთებას.

“ჯგუფური დანაშაულიდან გამომდინარე, რადგან რამდენიმე პიროვნება მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში, იყო სექსუალური მუქარაც. მუქარა წამოვიდა იქედან, რომ თუ ბოდიშს არ მოიხდიდა და ამას “ფეისბუქის” პირდაპირი ეთერით არ გაავრცელებდა, მას “ბოთლზე დასვამდნენ”. ასეთი ხასიათის მუქარა იყო ყველა პიროვნების მხრიდან. მას შეეშინდა და ამიტომ დათანხმდა ბოდიშის მოხდას და შარდის დალევას”,- განაცხადა ეკატერინე მიდოდაშვილმა.

დაზარალებული ამ დროისთვის რუსთავის საოლქო პროკურატურაშია. მან გამოძიებას უკვე მისცა დეტალური ჩვენება. მასთან ერთად პროკურატურის შენობაში ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი არიან.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის ფარგლებში პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია პარლამენტის წევრ აზერ სულეიამანოვის, მარნეულის საკრებულოს წევრისა და მარნეულის მერის ნათესავის წინააღმდეგაც.