მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ კანონს ვადა 1 იანვრამდე უგრძელდება

კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.
საუბარია “სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონზე, რომელიც 2018 წლის 1-ელ ივლისამდე მოქმედებს. პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის აღნიშნული ვადის 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელების საკანონმდებლო ინიციატივა.

კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა – მოიხსნა ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს მიწის რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე განცხადება წარედგინება, ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ დღეში 5000-ს გადააჭარბა.

რეფორმის დაწყებიდან 2018 წლის 15 ივნისამდე უკვე რეგისტრირებულია 486 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.

პროექტის ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები – ოთარ დანელია და ირაკლი შიოლაშვილი. პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.