პროკურატურა აზერ სულეიმანოვისა და რამინ ალახვერდიევისთვის 5-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავის, ე.გ-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს, აღნიშნული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს მიმართა.
აზერ სულეიმანოვი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მომხდარს პოლიტიკურ თამაშს უწოდებს. როგორც სხდომის დაწყების წინ მისმა ადვოკატმა განაცხადა, დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების მოხსნის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, ვინაიდან აზერ სულეიმანოვს აღნიშნულ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის. წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ არც რამინ ალახვერდიევი და ე.გ.

ბრალდება სამივე მათგანისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 5-5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვს.

მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მარნეულის მერს თეიმურაზ აბაზოვს აღმკეთის ღონისძების სახედ გუშინ, გამართულ სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა. ამით მან ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აბაზოვი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, იგი კანონმორჩილი ადამიანია და მიმალვას არ აპირებს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.