ზაზა სარალიძე პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

31 ივლისს, 12 საათზე ისინი აპირებენ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანონ საქმეები, რომლებშიც, მათ თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ჩაგვრა და ძალადობა იკვეთება.

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ 5 დღის განმავლობაში მათ ცენტრში 25-ზე მეტი ასეთი საქმეა შესული. მისივე განმარტებით, საქმეები მძიმე დანაშაულებს და მკვლელობებს შეეხება.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დეპუტატების განცხადებით, კომისია უკვე ფინალურ ეტაპამდეა მისული.