კომპანია ,,ინტერტრანსის” წარმომადგენლები მძღოლებს შეხვდნენ

კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობასა და კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გაუმართავი კონდიცირების სისტემა, მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბება, დამატებითი სავარძლები მიკროავტობუსებში–ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლის გარშემოც მძღოლებსა და კომპანია „ინტერტრანსის“ მენეჯმენტს შორის შეხვედრის დროს  გამახვილდა ყურადღება. კომპანიის წარმომადგენლებმა რუსთაველი მგზავრების მიერ შედგენილ პეტიციაში არსებული საკითხების გარშემო მძღოლების პოზიცია მოისმინეს. ,,ინტერტრანსის” ხელმძღვანელობა არ უარყოფს, რომ კომპანიაში გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობს. კომპანიის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ჩართული კონდიციონერების დატვირთვას მიკროავტობუსები ვერ უძლებენ და მწყობრიდან გამოდიან. კომპანიაში დღეს არც ის უარყვეს, რომ დაფიქსირდა მგზავრთა გადაყვანის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, კონკრეტულად კი ღია კარით მგზავრთა გადაყვანა.  ,,ინტერტრანსში” აცხადებენ, რომ კომპანიის პრობლემები ქალაქში მოძრავ ეგრეთ წოდებულ „ხიშნიკ“ მძღოლებს უკავშიდებათ.  ისინი მგზავრთა გადაყვანას დედაქალაქის მიმართულებით ისე ახორციელებენ,  რომ  მათ  ამის  უფლება არ აქვთ და აღნიშნულიდან გამომდინარე როგორც კომპანიას, ასევე მძღოლებს ფინანსური პრობლემა ექმნებათ. შეგახსენებთ, მოქალაქეთა ჯგუფმა რამოდენიმე დღის წინ პეტიცია შეადგინა სადაც ისინი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,ინტერტრანსის” კუთვნილ მიკროავტობუსებში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე აქცენტს აკეთებენ და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.