ლეღვის ნახარშით ახალგაზრდა მამაკაცმა და ქალმა დამწვრობა მიიღეს

ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული სხეულის დამწვრობის პირველი შემთხვევა ივლისში დაფიქსირდა.დღეს, დამწვრობის ცენტრს, ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარმა ორმა პაციენტმა მიმართა. მათ შორის ერთ-ერთი 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, მეორე კი – 26 წლის გოგო. ორივე შემთხვევა თბილისში მოხდა.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ორივე პაციენტს ლეღვის ნახარშით მიღებული აქვს მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა.

„როგორც პაციენტები აცხადებენ, ლეღვის ფოთლის ნახარშის საფენები სხეულზე წაისვეს და ირუჯებოდნენ, რის შედეგედაც მათ სახის, გულ-მკერდის, ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღეს. მათ სხეულის 2-3 ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მკურნალობს, რაც შეეხება, 26 წლის გოგოს, მან სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადა, სახლში ხელწერილის საფუძველზე გაეწერა“ – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს და აფრთხილებს:
„მინდა ყველას შევახსენო, რომ ლეღვის ფოთლის ნახარშს არანაირი სამკურნალო დანიშნულება არ აქვს, გარდა იმისა, რომ იწვევს ქიმიურ დამწვრობას“ – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.