პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო. აღნიშნული კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.

კანონპროექტი პარლამენტარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის საპასუხოდ, რასაც ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად მნიშვნელოვნად, 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგროვებითი პენსია იქნება სისტემის შემავსებელი სვეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, ღირსეული პენსიის უზრუნველყოფას უპასუხებს. „დღეს არსებულ საპენსიო სისტემას გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები სამართლიანობის, ეფექტიანობის და ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.