რა შეკითხვები ჰქონდა პროკურატურას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან?

შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

ალავიძე გამოეხმაურა პროკურატურაში გამოკითხვაზე მის დაბარებას და აღნიშნა, რომ მზად არის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.

“ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, – განაცხადა ალავიძემ.