რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვაკანსია გამოცხადდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე ხუთ კანდიდატზე მსჯელობს. კანდიდატებს შორის არიან მოსამართლე გოჩა დიდავა და მოსამართლე მაია შოშიაშვილი.

როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საინტეტესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო. რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე გოჩა დიდავას დანიშვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამავე სასამართლოში ვაკანსიის გამოცხადებასთან მიმართებაში გარკვეული ეჭვები აქვს.

როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, პრობლემა, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ვაკანსია გამოცხადდა, ეს მხოლოდ გადატვირთულობას ეხება, თუმცა ამის მიუხედავად, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოცხადდა ვაკანსია მაინცდამაინც რუსთავის საქალაქო სასამართლოში, როცა იგივე გადატვირთულობის პრობლემა სხვა სასამართლოებშიც არის.

“ჩვენ მოგვმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ და მოითხოვა, რომ მდგომარეობა, რომელიც არის ამჟამად რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადატვირთულობასთან მიმართებაში, იქნას გათვალისწინებული და საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით. განცხადებით მოგვმართა ხუთმა მოსამართლემ, რომელიც მუშაობენ სხვადასხვა სასამართლოში. მათ შორის კიდევ ერთხელ მოგვართა მოსამართლე გოჩა დიდავამ. მოსამართლე, რომელიც განიხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშვნასთან მიმართებაში, დღეს საბჭო ამაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არ ვიცი,მაგრამ გარკვეული ეჭვები მაქვს, თუ რატომ გამოცხადდა ეს ვაკანსია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც აპარატისგან მოვიძიე – არაერთ სასამართლოშია ვაკანსია, არაერთ სასამართლოშია გადატვირთულობა, თუმცა მათი თავმჯდომარის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ დაყენებულა. ეს ეჭვები უკავშირდება მოსამართლე გოჩა დიდავას, რადგან იგი საქალაქო სასამართლოში არ დაინიშნა და ეს საკითხი დაიხურა. ვნახოთ, დღეს საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღესვე დასრულდება. რეგლამენტის მიხედვით, არ არის გამორიცხული, რომ საბჭომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატი დღესვე დანიშნოს.