საბერძნეთში ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი პირი კი დაშავდა. მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის 16 მცირეწლოვანი ბავშვია. 10 ტურისტი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ახლა მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსხვერპლის დიდი ნაწილი დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე კურორტ მატიდან არის. სტიქიის სწრაფად გავრცელების გამო, მათ სახლებისა და ავტომობილების დატოვება ვერ მოასწრეს.

სტიქიამ უკვე გაანადგურა ასობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა.

ათენთან ცეცხლს, ასობით მეხანძრესთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეებიც ებრძვიან. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი სტიქიის ლოკალიზებისთვის დახმარებას ევროპულ სახელმწიფოებსაც სთხოვს.