საიდუმლო ადგილი, სადაც მიცვალებულთა მუმიფიცირება ხდებოდა

ეგვიპტის უდაბნოში, საკარის ნეკროპოლისში, არქეოლოგებმა აქამდე სრულიად უცნობი სამარხის კომპლექსი აღმოაჩინეს. კომპლექსის შუაგულში განთავსებულია ნაგებობა, სადაც ქურუმები გარდაცვლილთა სხეულებს დასამარხად ამზადებდნენ, უტარებდნენ მუმიფიცირებას.
მის ქვეშ, 30 მეტრ სიღრმეზე მიაგნეს რამდენიმე სამარხ კამერას, სადაც განთავსებულია ხის სამი კუბო, კირქვის სარკოფაგი, მუმია და საფლავში ჩატანებული სხვადასხვა ნივთები.

აღმოჩენებს შორის ერთი განსაკუთრებულია — ერთ-ერთ კუბოში მუმიას უკეთია ნიღაბი, რომელიც დამზადებულია მოოქროვილი ვერცხლით, თვალების ადგილი ამოვსებულია კალციტით, ობსიდიანითა და შავი ქვით, რომელიც შეიძლება, ონიქსი იყოს. ამ ტიპის ნიღაბი არქეოლოგებს 1939 წლის შემდეგ არ უპოვიათ.

ჯგუფმა შეძლო იმ მუმიის იდენტიფიცირებაც, რომელიც ამ ნიღაბს ატარებდა. როგორც გაირკვა, ის ყოფილა დედაღვთაება ნეიტის მეორე ქურუმი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 26-ე დინასტიის პერიოდში (ძვ. წ. 664-404 წ.წ.).
გატეხილია თაბაშირის ის ნაწილი, რომელზეც მისი სახელი უნდა ყოფილიყო ამოტვიფრული. ჯგუფმა მხოლოდ იმის გარკვევა შეძლო, რომ ქურუმის სახელი მოიცავს ღვთაება ნეიტის სახელსაც.სამარხის კომპლექსი რამდენიმე კამერისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანის თავზე არქეოლოგებმა იპოვეს ტალახის აგურისა და კირქვისგან ნაგები შენობის ნაშთები.

მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ აქ ახდენდნენ ქურუმები გარდაცვლილთა მუმიფიცირებას, სანამ დაკრძალავდნენ.