სკოლების ვიდეოკამერებით აღჭურვისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყო

11 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ სკოლების გარე პერიმეტრები ვიდეოთვალებით სრულად აღიჭურვოს, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

“სკოლის გარე პერიმეტრის ვიდეოთვალით აღჭურვა საკმაოდ პრიორიტეტულია. 11 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ 2018-2019 სასწავლო წლების განმავლობაში სრულად დაიფაროს სკოლების გარე პერიმეტრი ვიდეოთვალებით“, – განაცხადა გიგაურმა.

ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების წესების სწავლებაც.

“იმ სკოლებში, სადაც შესაძლებელია, სასკოლო სივრცეში იქნება დახაზული მინი ქუჩები და საგზაო ნიშნები, რომ მოსწავლეებმა ამასაც მიაქციონ ყურადღება. სკოლის უსაფრთხოების სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი უკვე დასრულებულია და გავრცელებულია სკოლებში“, – განაცხადა გიგაურმა.