ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნება

საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ივანე მაჭავარიანი დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ივანე მაჭავარიანი წლების განმავლობაში კომპანია „ჯეოსელის“ ფინანსური და კომერციული დირექტორი იყო.

„ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან. რეფორმათა პაკეტი, რომელიც მე წარვადგინე, მათი დაახლოებით 50 პროცენტი საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო. ეს გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით, შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით ერთიდან ერთ-ნახევარ პროცენტამდე ზრდა უნდა უზრუნველყოს სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.