„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე რუსთავის საჯარო სერვისების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

სამიტზე სიტყვით რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გამოვიდა

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე საერთაშორისო სამიტი დღეს დაიხურა. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას წელს რუსთავიც იღებდა. ჩვენი ქალაქი თბილისის გარდა საქართველოში ერთადერთია, რომელიც ღია მმართველობის სტრატეგიაზე მუშაობს. სამიტზე სიტყვით გამოვიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. ტაბაღუამ ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების გაუმჯობესების თემაზე პრეზენტაცია წარადგინა და იმ აქტივობებზე გააკეთა აქცენტები, რომელიც ინოვაციების დანერგვის კუთხით  რუსთავში ხორციელდება. 

სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსთავის ინოვაციურ ჰაბზე. რუსთავის მერმა დღეს პრეზენტაციაზე ეგრეთ წოდებული ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაციის პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობით უნდა განხორციელდეს. რუსთავი თბილისის შემდეგ საქართველოში ერთადერთი ქალაქია, რომელიც ღია მმართველობის სტრატეგიაზე მუშაობს.

თბილისში,  ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე საერთაშორისო სამიტს მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენლობა ესწრებოდა. სამიტზე სამი დღის განმავლობაში  ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული საქმიანობები იქნა განხილული,მოხდა გამოცდილებების გაზიარება და სამომავლო გეგმებისა და პარტნიორობის საკითხების განხილვაც. დღევანდელ სამიტზე რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლობამ რუსთავთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.

ღია მმართველობის პარტნიორობა” აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივის შედეგად  2011 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში დაფუძნდა. დღეის მდგომარეობით, ის 70 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად ორი წლის წინ იქნა არჩეული.სამიტი ოფიციალურად დღეს დაიხურა.