NDI – საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა ბუნდოვანია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა ბუნდოვანია, არსებული გამოწვევები – ჯერ კიდევ გადაუჭრელი.ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც NDI-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2018 წლის ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის დაკვირვებით, ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია.

„არჩევნების თარიღი ჯერ დანიშნული არ არის. მმართველ პარტიას („ქართული ოცნება“) ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს; გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია; პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული ფუნქციების გამო პარტიების მოსაზრებები არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით იყოფა, რაც საზოგადოებას წინააღმდეგობრივ გზავნილებს აწვდის. შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი აქვს: წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების
ირგვლივ დისკუსიების წამოჭრას. ოპოზიციური პარტიები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს. საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა კანდიდატებისა და პარტიებისთვის, წარმოადგინონ დამარწმუნებელი ხედვა, რათა მუხტი შემოიტანონ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებულია”, – განაცხადეს NDI-ში.

მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები ადამიანების ყოველდღიური ზრუნვის საკითხების განსაკუთრებით, ეკონომიკის ჭრილში იქნას განხილული, თუმცა ისეთი დაპირებების გაცემის გარეშე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცილდება.

დელეგაციამ ანგარიშში წარმოადგინა რიგი რეკომენდაციებისა, რომელთა შესრულება არჩევნებამდე არის შესაძლებელი. ეს რეკომენდაციები მოიცავს: პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ; მთავრობის ხელმძღვანელობამ ყველა საჯარო მოხელეს და საზოგადოებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუმწყნარებელი იქნება და რომ მოძალადეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ; პროკურორებმა და მოსამართლეებმა 2016 და 2017 წლების არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი და დროული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყონ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული და საზოგადოებას პოზიტიური მესიჯი მიეწოდოს; ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ამჟამად მწვავე არ არის, ოპოზიციური და მმართველი პარტიები თანხმდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიაზე შეტევები ხორციელდება და დეზინფორმაციის უწყვეტი ნაკადია. ამ შეტევებთან გამკლავების მიზნით საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ.

დელეგაციას მიაჩნია, რომ შემოთავაზებულმა საკანონმდებლო და ტექნიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა, საარჩევნო პროცესში არსებულ ზოგიერთ პრობლემას უპასუხოს.

დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ იგი არ ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და მიიჩნევს, რომ არჩევნების სანდოობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს.