პენსიის ოდენობა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული

პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება

სახელმწიფო პენსიის ინდექსაციაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ფინანსთა სამინისტრომ უახლოეს ცხრა თვეში მთავრობას სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უნდა წარუდგინოს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება. პენსიის ინდექსაციაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულება უკვე ასახულია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში.

პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, სწორედ ამ პრინციპით უნდა გაიზარდოს პენსია და პენსიის ზრდა არ იყოს მთავრობისა თუ პოლიტიკური პარტიების დისკრეციის საგანი.

“მთავრობამ ცხრა თვეში უკვე არსებული პენსიონერებისთვის უნდა შემოიტანოს კანონმდებლობა პენსიის ინდექსაციის მექანიზმის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია მაკროეკონომკურ მაჩვენებლებს უნდა მიებას და არა პოლიტიკოსების მიერ გაცემულ დაპირებებს. “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესაბამისი ნორმის დამატება ჩვენი მოთხოვნა იყო, რადგან თუკი საპენსიო რეფორმას ვაკეთებთ, აუცილებელია რეფორმა დღევანდელ პენსიონერებსაც შეეხოთ. დღეს არანაირი მექანიზმი იმისა, რომ პენსიის ზრდის დაგეგმვა მოხდეს, არ არსებობს. ეს ყველაფერი ძირითადად პოლიტიკოსების დაპირებებზე კიდია – პენსიონერებმა პოლიტიკოსებს უნდა უყურონ ხელებში. ამ მექანიზმის ამოქმედებით ერთხელ და სამუდამოდ პროგნოზირებადი გახდება, თუ რამდენი იქნება ჩვენი პენსია მომდევნო წელს. ამ კანონის არსი სწორედ ეს იქნება – რამდენიც არის ეკონომიკური ზრდა, რამდენიც არის მოსალოდნელი ფასების ზრდა, სწორედ იმ პროცენტს მიებმება პენსიის ზრდა. გარდა ამისა, პენსიის ინდექსაცია მომავალი პენსიონერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ადამიანები დაგროვებით პენსიასთან ერთად, ასევე საბაზისო პენსიას მიიღებენ და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საბაზისო პენსია ხუთი თუ ათის წლის შემდეგ“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში წარდგენას მომავალი წლის დასაწყისში ელის.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი, რომელშიც აღნიშნული ჩანაწერია ასახული, პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით დაამტკიცა, „საკანონმდებლო მაცნეში“ კი 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გაზაფხულამდე უნდა მოამზადოს.