უცხო ენების გამოცდაზე აბიტურიენტების დაახლოებით 6% ჩაიჭრა

უცხო ენების გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა, – ამის შესახებ უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ უცხო ენების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უცხო ენების გამოცდა ჩატარდა ინგლისურში, რუსულში, გერმანულსა და ფრანგულში, ოთხივე ენაში ერთად, უმაღლესი შეფასება 109 აბიტურიენტმა მიიღო.

„დაახლოებით აბიტურიენტების 6%-ია ჩაჭრილი ოთხივე ენაში. 109 აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი – 90 ქულა. ჩაჭრილების რაოდენობა, ალბათ, ოდნავ შეიცვლება მას შემდეგ, რაც სტატისტიკურ ანალიზს გავაკეთებთ. თუ დადგინდა, რომ რომელიმე ვარიანტი უფრო რთული იყო, მაშინ სკალირების შედეგების გათვალისწინებით, ჩაჭრილების რაოდენობა შეიძლება ოდნავ შეიცვალოს“, – განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ დაიწყო. ჯერჯერობით ცნობილია ზოგადი უნარებისა და უცხო ენების გამოცდის შედეგები.