შიდსის ცენტრი მოქალაქეებს აივ ინფექციაზე გამოკვლევისკენ მოუწოდებს

2018 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ეპიდემიოლოგი ექიმი, ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამომწვევი ძირითადი მიზეზი დაავადების გვიანი დიაგნოსტიკაა.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, 2622 შემთხვევა, მათ შორის 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი; სამეგრელოში – 914 შემთხვევა (აქედან ზუგდიდი – 605), იმერეთში – 898 (ქუთაისი 436), აჭარაში – 813 (ბათუმი – 512), აფხაზეთში -451, კახეთში -348, ქვემო ქართლში – 373, შიდა ქართლში – 271, გურიაში – 153, ფოთში – 110, სამცხე-ჯავახეთში – 100 და ა.შ.

ექიმი შიდსის გადაცემის გზებზე საუბრობს და მოსახლეობას დროული გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

“საქართველო მიეკუთვნება ნელად მზარდი აივ ინფექციის შიდსის ეპიდემიის ქვეყნებს. იგივე ტენდენცია აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც. მიზეზები ბევრია, მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესია დაავადების გვიანი დიაგნოსტიკა. როდესაც ადამიანები შედარებით გვიან სტადიაზე მოდიან შიდსზე ტესტირებისთვის. ამ დაავადებებს არ ახასიათებს სიმპტომები ადრეულ სტადიაში.

მოსახლეობამ უნდა ჩაიტაროს დროული დიაგნოსტიკა, მკურნალობა ამცირებს დაავადების გადაცემას”,- აცხადებს ეპიდემიოლოგი ექიმი, ოთარ ჩოკოშვილი.

30 ივნისის მონაცემებით, აივ ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში მუდმივად იზრდება, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან, მაგალითად ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია – ამ ქვეყნებში აივ ინფექციით დღეს იმაზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე გასულ წლებში.