გორის ცენტრში მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე შეუერთდნენ

გორის მუნიციპალიტეტის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული

გორის ცენტრში მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე შეუერთდნენ
გორის მუნიციპალიტეტის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული
სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე აქცია გამართეს და 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეაფერხეს, შემდგომ კი საპროტესტო აქციის გაგრძელება გორის ცენტრში დააანონსეს. გზის გადაკეტვას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და პოლიციის დამატებითი ჯგუფების გამოძახება მოჰყვა.
გორის ცენტრში, ადამინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე შეუერთდნენ. სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მათი მხარდამჭერები გაერთიანდებიან და ობიექტური გამოძიებას მოითხოვენ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მივიდა. აქციაზე იმყოფება ჟურნალისტი ელისო კილაძეც, რომლიც საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.
„თქვენ, ამ ხალხის საკრებულოს თავმჯდომარეც ხართ და არა მხოლოდ ოცნების“, – განაცხადა ელისო კილაძემ.
აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და ითხოვენ, ხელისუფლებამ გამოძიების ობიექტურად წარმართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, აღნიშნული აქცია პოლიტიკურად მართულია და აქციაზე არაერთი პირი იმყოფება „ნაციონალური მოძრაობიდან“.
აქციის მონაწილეები, გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც გორში აქცია მიმდინარეობს, შსს-მ განცხადება გაავრცელა.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად – კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით – დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გორის მუნიციპალიტეტის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.