რამდენი ადამიანია დასაქმებული საქართველოში და როგორია საშუალო ხელფასი?!

2018 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4,0 პროცენტით აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41,0 პროცენტი ქალია, ხოლო 59,0 პროცენტი – კაცი. მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო და რჩენილი 41,2 პ როცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 621,4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 3,9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2159,8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,2 პროცენტით მეტი).

„2018 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1150,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 43,5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 872,8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 56,5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1210,3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1303,2 ლარი, მცირე ბიზნესი – 996,3 ლარი.“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, 2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 44,6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 11,9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 11,9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 8,8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,9 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.