ადვოკატი-რაიან სმიტისთვის ჩატარებული ექსპერტიზა მალხაზ კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს

ადვოკატის მტკიცებით, რაიან სმიტისთვის ჩატარებული ექსპერტიზა მალხაზ კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს და იმ ვერსიას ამყარებს, რაც დაცვის მხარეს აქვს. ამის შესახებ სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ განაცხადა.

კობაიძის ინფორმაციით, მოკლულ რაიან სმიტს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმადაც, სმიტის მიმართ განხორციელებული პირველი გასროლის ტრაექტორია „ზემოდან ქვემოთაა“. აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ ასეთი ტრაექტორიით გასროლას კობაური ვერ განახორციელებდა, რადგან ის სმიტზე დაბალია. გარდა ამისა, ლექსო კობაიძის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ რაიან სმიტს სიცოცხლის პერიოდში ჰქონდა მიყენებული სხვადასხვა დაზიანებები.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.