კანაფის კონტროლის სააგენტო ყოველი წლის თებერვალში პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

კანაფის კონტროლის სააგენტო პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სააგენტოს კონტროლს პარლამენტი განახორციელებს და თავის მხრივ, სააგენტო ყოველი წლის თებერვალში პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით.

ამასთან, სააგენტო მთავრობასა და სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

კანაფის კონტროლის სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

შს სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სააგენტოს მიზნად განსაზღვრულია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.