მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ახალი ბილეთები ემატება

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ეკო-მართვის შესახებ საგამოცდო ტესტები ემატება. შესაბამის ბრძანებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა 31 აგვისტოს მოაწერა. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

ბრძანებას თან ერთვის დანართები, რომელშიც ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული. ჯამში, მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს 51 ბილეთი დაემატა.

როგორც შს მინისტრის ბრძანებაში წერია, ცვლილება “თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.

ახალი ბილეთები მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს 30 სექტემბრიდან დაემატება.