გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედა – თანავუგრძნობ ოჯახს, ბოდიში მინდა ვუთხრა, დიდ გაურკვევლობაში ვარ

თუ დანაშაული მართლა ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ბავშვის მშობლებისთვის ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა, თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს, – ამის შესახებ  გორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დედამ ნუნუ გრიგალაშვილმა განაცხადა

ნუნუ გრიგალაშვილი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა სხვა ადამიანის ჩადენილი იყოს.

„ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. ამ ბავშვს არც იცნობდა, არც შეხება ჰქონდა. მეც გაურკვევლობაში ვარ. შესაძლებელია, სულ სხვა იყოს დამნაშავე. სავარაუდოდ, ჩემს შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. თუ მართლა მაგან გააკეთა, იმ მშობლების წინაშე ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა და თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია მიიღო“, – განაცხადა ნუნუ გრიგალაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებულის ტელეფონში ცხრა წლის გოგონას ფოტოები ჰქონდა, ნუნუ გრიგალაშვილის თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მის შვილს ჩიპი ჰქონდა, სადაც სიმღერები და ფოტოები ინახებოდა.

„როდესაც ჩემი შვილი ციხიდან გამოვიდა, ჰქონდა ჩიპი, რომელსაც პატიმრები ერთმანეთს ათხოვებდნენ ხოლმე, სიმღერებს და რაღაცებს იწერდნენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ეს ჩიპი სხვისგან ვიყიდეო, ქალების და ბავშვების ფოტოები იყო და აღარ წავშალეო. ვისი ოჯახი იყო, ნამდვილად არ ვიცი.

წარსულში ნასამართლევი იყო თაღლითობის მცდელობით და მეორედ იყო ტელეფონის წართმევაზე. არასრულწლოვნის გატაცებაზე არ ყოფილა ნასამართლევი. უბრალოდ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბავშვი დაიკარგაო. ჩემს შვილს არაფერი არ დაუმტკიცდა გარდა თაღლითობისა. 181-ე მუხლით გაასამართლეს, საერთო ჯამში 12 წელი იჯდა.

მეორედ ყაჩაღობის მუხლი მიუსაჯეს. შეწყალებით არ გამოსულა უბრალოდ სასჯელი შეუმცირდა. თებერვალში გამოვიდა. თანავუგრძნობ ოჯახს და ბოდიში მინდა ვუთხრა, დიდ გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი, ვინ ჩაიდინა, ჩემმა შვილმა თუ სხვამ“, – განაცხადა ნუნუ გრიგალაშვილმა.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავეს