ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები „რუსთავი 2″-ის გადამღებ ჯგუფს – „კურიერის“ ჟურნალისტს, ეკა გაგუას და ოპერატორს, ლევან კალანდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
როგორც ირკვევა „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს.
„ჩვენ დღეს დილიდან წამოვედით, რომ მოგვემზადებინა სიუჟეტი ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა და არის სამშენებლო ობიექტი, შევედით ობიექტზე ფეხით მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა უცხო პირთა შესვლა, არ ყოფილა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ კომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ,“- განაცხადა ეკა გაგუამ.
ამ წუთებში ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი ლევან კალანდია ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV4 და რადიო4 გმობს მედიაზე ძალადობას, სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვას და სოლიდარობას უცხადებს დაშავებულ ჟურნალისტებს.