როდის დასრულდება სამუშაოები იაღლუჯის ქუჩაზე და რა შენიშვნები მიიღო კომპანიის მენეჯმენტმა

იაღლუჯის ქუჩაზე ასფალტ–ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. სამუშაოები დღეს რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა,ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მაგისტრალი“ ასრულებს, რისთვისაც  ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი თანხა იხარჯება. დღეს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები სამუშაოების ხარისხითაც დაინტერესდნენ, მთავრობის წარმომადგენლებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გარკვეული შენიშვნებიც ჰქონდათ. ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის მერმა შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაიწუნეს,შესაბამისად  კომპანიის წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებისგან მკაცრი შენიშვნებიც მიიღეს. როგორც, ცნობილია, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პროექტი დამკვეთს, რუსთავის მერიას ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩააბაროს, თუმცა როგორც აღმოჩნდა კომპანიის მხრიდან აღნიშნული ვადების დარღვევა მოხდება. ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლების თქმით, ამ შემთხვევაში „მაგისტრალი“ ფულადი სანქციებით დაჯარიმდება.