კალიფორნიაში ხანძრის დროს ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლებიც დაიწვა (+ფოტო)

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე საუბარი იყო 23 დაღუპულზე.
ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

ხანძრის დროს დაიწვა მედიაკომპანია HBO-ს სერიალ Westworld-ის პავილიონები. გარდა ამისა დაიწვა ჯულია რობერტსის, ლედი გაგას, ბარბარა სტრეიზანდის, კიმ კარდაშიანის, კეტლინ ჯენერის, ჰოლი ბერის, მელ გიბსონის, შერის, კორტნი კოქსის და სხვა ვარსკვლავების ძვირადღირებული ვილები.

ასევე კალიფორნიაში ხანძრის შედეგად მსახიობ ჯერარდ ბატლერის სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მსახიობი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ევაკუაციის შემდეგ დავბრუნდი სახლში, მალიბუში. საზარელი ჟამია კალიფორნიისთვის. როგორც ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მეხანძრეების მამაცობით“, – დაწერა ჰოლივუდის ვარსკლავმა.
სულ ცეცხლი 14 ათას ჰექტარზე გავრცელდა. შტატში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული.