რუსთავის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება

რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით ხუთი მილიონი ლარით იზრდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები უკვე ცნობილია. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რუსთავის 2019 წლის  ბიუჯეტი 41  024,3 ათასი ლარით განისაზღვრა. ძირითადი პრიორიტეტები მომავალ წელსაც სოციალური უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა იქნება. რუსთავის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ვეფხვაძის თქმით, პროექტის მიხედვით იზრდება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, მისივე თქმით თითქმის უცვლელი რჩება ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილი. მერის სარეზერვო ფონდი კი 300 ათასი ლარით განისაზღვრა. რუსთავის მერიამ საკრებულოს დოკუმენტის პროექტი გუშინ გადაუგზავნა, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან ბიუჯეტის გარშემო საკომისიო განხილვები დაიწყება. ამის შემდეგ რუსთავის საკრებულოს 24 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ ბიუჯეტის პროექტი მოიწონოს და დაამტკიცოს ან დაახარვეზოს და შენიშვნებით, უკან აღმასრულებელ ორგანოს რუსთავის მერიას დაუბრუნოს. ამ შემთხვევაში რუსთავის მერიას 10 დეკემბრამდე ექნება ვადა, იმისთვის, რომ უკვე დაკორექტირებული ვარიანტი საკრებულოს გადაუგზავნოს.საბოლოოდ ახალი ბიუჯეტი ქალაქს დეკემბერში ექნება.