უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი 5 770 პედაგოგს მიენიჭა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ასრულებს მასწავლებლებისთვის სტატუსების მინიჭებას, რაც განვლილ 2017-2018 წელს პედაგოგების მიერ განხორციელებულ მრავალფეროვან საქმიანობას აჯამებს. წელს 822-მა მასწავლებელმა გამოცდების გზით დაადასტურა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

„ აპელაციის შედეგად 226 მასწავლებელი ნოემბრიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსთან ერთად გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს“, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა განაცხადა.

იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიენიჭათ სტატუსები, იანვარში ხარვეზების გამოსწორების საშუალება მიეცემათ.

ასევე მიმდინარეობს მუშაობა “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” განვითარებაზე, მეტი აქცენტი უშუალოდ სასწავლო პროცესზე იქნება გადატანილი. აღნიშნული ცვლილებები ამ წლის ბოლომდე დამტკიცდება, რის შემდეგაც მასწავლებლებს ინფორმაცია ამომწურავად მიეწოდებათ.