აქციაზე დაპირისპირების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა – დაპატიმრებულია 724 ადამიანი

პარიზში საპროტესტო აქციების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი პოლიციელია. საფრანგეთის შს სამინისტროს ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციების ფარგლებში 1000 ადამიანი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში, აქედან 724 პატიმრობაში რჩება. კერძოდ, პარიზში, სამართალდამცველებმა 536 ადამიანი დააპატიმრეს.

პარიზის ცენტრალური რაიონის სხვადასხვა ადგილებში მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

ფრანგული მედია ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც მანიფესტანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს, შანზ-ელიზეზე ასევე დაზიანდა რამდენიმე მაღაზია, თუმცა სამართალდამცველები აკონტროლებენ სიტუაციას.

დღევანდელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 – პარიზში.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასების ზრდამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. გასულ შაბათს საფრანგეთს პროტესტის ტალღამ გადაუარა, რომლის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს. ყველაზე მასშტაბური ხასიათი პროტესტმა საფრანგეთის დედაქალაქში მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღიც კი სერიოზულად დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წელს საწვავზე გადასახადების ზრდა საერთოდ გააუქმოს.