გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

2 საათზე მეტია გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამართალდამცავები იმ ადგილს თხრიან, სადაც სავარაუდოდ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედარია დაკრძალული. ცხედრის სამძებრო სამუშაოები სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ნებიერიძის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.
დაახლოებით ორი კვირის წინ განხორციელდა ტერიტორიის სკანერით დათვალიერება და ამის შემდეგ დაიგეგმა უკვე ის სამუშაოები, რომელიც დღეს მიმდინარეობს.

დღეს დილით პოლიციაში 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის მშობლებიც დაიბარეს და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა ბავშვის მშობლები გააფრთხილეს დნმ-ის ანალიზის ჩაბარების აუცილებლობაზე.

სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

“უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ნ.-მ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს,“-ნათქვამია განცხადებაში.