ზურაბიშვილს მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას,მაგრამ პრეზიდენტობას არა-გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიულოცავს დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ პრეზიდენტობას ვერ მიულოცავს.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ რუსთავში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ეს იყო კრიმინალური ტერორისა და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის სპეცოპერაცია.

„სალომე ზურაბიშვილს მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა კრიმინალური ტერორის, მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიისა და ოლიგარქის სპეცოპერაცია ტოტალური გაყალბებითა და ტოტალური ზეწოლით. შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ვცნობთ და მის შედეგებს არ ვაღიარებთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებისთვის ყველაფერს აკეთებს. გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე.

„ე.წ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს. რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოში არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არც ერთი მექანიზმი. ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს, პირში უჩურთავენ ჩვარს, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს“, – განაცხადა ვაშაძემ.