კოდის სათემო განათლების ცენტრი ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრად დასახელდა

კოდის სათემო განათლების ცენტრი ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრად დასახელდა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობით, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ (GAEN) გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელშიც არაფორმალური განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და საქართველოს რეგიონებში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრები მონაწილეობდნენ, კოდის სათემო განათლების ცენტრი ზრდასრულთა განათლების წლის საუკეთესო ცენტრად დასახელდა.

კოდის სათემო განათლების ცენტრი 2010 წლის იანვარში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv-international) მიერ განხორციელებული პროექტის – “იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში”, ფარგლებში დაარსდა და თემის განვითარების ხელშესაწყობად წარმატებით ახორციელებს ზრდასრულთა განათლების პროექტებს.

ცენტრი დაინტერესებულ მსმენელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ მოკლევადიან პროფესიულ და პიროვნული განვითარების კურსებს სთავაზობს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაცით, სათემო განათლების ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამები (უცხო ენების, კომპიუტერის, ბუღალტერიის, მეწარმეობის და ა.შ.) დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის აუცილებელ საბაზისო კომპეტენციებსა და ცოდნას სთავაზობენ მოსახლეობას. სწავლება აპრობირებული პროგრამებით და ინოვაციური სასწავლო მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს. პროგრამებს და კურსებს კვალიფიციური მასწავლებლები და ტრენერები უძღვებიან. ცენტრში ეწყობა საჯარო შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან – პოლიტიკოსებთან, ხელოვანებთან, მეცნიერებთან, სპორტსმენებთან.