კომისიაზე დეპუტატებმა 14 ინფრასტრუქტურული პროექტი მოიწონეს

საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის  კომისიის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს და ბიუროზე გასატანად დაამტკიცეს. დეპუტატებმა მოიწონეს 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ძირითადად საგზაო ინფრასტურქტურას და სკვერების მოწყობას  მოიცავს. მათ შორის, კოსტავას ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის ფასადებისა და ავტომობილების გზის რეაბილიტაცია. ჩიკაგოს, დუმბაძისა და ფიროსმანის სკვერების რეაბილიტაცია-მოწყობა  და 35-ე საბავშვო ბაგა-ბაღის პირველი ფლიგელის რეაბილიტაცია. კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე, შპს ინტერტრანსის კუთვნილებაში არსებული ემ2 კატეგორიის მიკროავტობუსების გადაადგილების  მარშრუტის შესახებ ცვლილება, რომელიც ძირითადად დიდუბის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს ეხება. დეპუტატებმა ბიუროზე გასატანად დაამტკიცეს საკითხი,რომელიც  რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფის განსაზღვრას ეხება და რომლის თანახმადაც მგზავრობის ტარიფი უცვლელი რჩება. აღსანიშნავია,რომ შპს ინტერტრანსმა მუნიციპალიტეტს  ხარჯებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა და ტარიფის გაძვირებაზე ნებართვა ითხოვა. მუნიციპალიტეტისგან კომპანიამ ალტერნატიული შეთავაზება მიიღო,რომლის თანახმადაც ტარიფების გაძვირებაზე ნებართვა იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ კომპანია ალტერნატიულ ,დაბალ ტარიფიან ტრანსპორტს გამოყოფს.სხვა შემთხვევაში ტრანსპორტის გაძვირების ნებართვა არ გაიცემა.