პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ექვსი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის 6 მოქალაქე: 1983 წელს დაბადებული თ. ჯ., 1990 წელს დაბადებული ფ.რ., 1969 წელს დაბადებული ჰ.ხ., 1969 წელს დაბადებული მ.ხ., 1978 წელს დაბადებული ზ.ხ. და 1967 წელს დაბადებული ფ.დ.დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა 6-ვე ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში დააკავეს. მათგან 3 პირის დაკავება შემოსავლების სამსახურის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო სამსახურიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

პოლიციამ დაკავებულებისგან ნივთმტკიცებად ამოიღო 21 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 530 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.