რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის პროცესი გაიმართა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის პროცესი გაიმართა.
სხდომაზე მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ, ზაზა სარალიძის ძირითადი ადვოკატის – ნესტან ლონდარიძის პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის წინაშე, სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

,,დეტალებზე, გამოძიებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ, რაც შეეხება ბრალდების მიერ წაყენებული ბრალის ფორმულირებას, არ ვეთანხმები. დანარჩენი, დაველოდები სასამართლო პროცესების განვითარებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 353-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილითაა აღძრული (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). საქმეზე გამოძიებას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა აწარმოებს, სასამართლო პროცესები კი რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, 26 ოქტომბერს, ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელ ალექსანდრე ღვანიას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავს დაესხა, მას ლითონის ბლაგვი საგანი დაარტყა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოგვიანებით, როდესაც პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, კვლავ მივიდა მასთან და ხელი დაარტყა.