vali.ge-ს ერთიან ბაზას ორი ფინანსური ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – vali.ge მონაცემები განახლდა – ერთიან ბაზას დღეს „ბაზის ბანკისა“ და „ტერა ბანკის“ მონაცემები დაემატა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 ათას 223 მსესხებლის, 699 ათას 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,159,583,175 ლარია.
ამ ეტაპისთვის, ვებ-გვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ , სს „ბაზის ბანკი“ , სს „ტერა ბანკი“.
ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.
აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.
პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.