პოლიციამ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა

პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ი.ს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტში დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ, 2010 წელს დაბადებულ, უდედ-მამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ ი.ს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა. შსს-ს ცნობით, ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და-ძმა კი სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანზე განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.