საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ხვალ განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ

ქვეყანაში “ტამიფლუს” 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო.
„ჩამოვიდა “ტამიფლუს” დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკ-ჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათამდე რაიონებში სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია. მეორე მიმართულებაა- აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ლოკაციას გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე – 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან – რაიონებში. მესამე მიმართულება არის – საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის “ტამიფლუს” უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ.
სტატისტიკაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ შეჯამებული მონაცემები ორშაბათს დილით ექნება.
“თუმცა წინასწარი მონაცემები , რაც კლინიკებიდან მოგვდის , კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს. პიკური იყო 277, მერე 256 და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ნაკლები იქნება. ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში”, – აღნიშნა მინისტრმა.