საქართველოში H1N1 ვირუსის 158 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია გასულ კვირასთან შედარებით.
„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე უკვე, მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რამეთუ, ჩვენი კვლევებით, დაახლოებით, 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სადაც 158, ანუ უმეტესობა გახლავთ H1N1. დანარჩენი 4 – H3N2, ასევე გამოჩნდა, გვაქვს ერთი ბ ტიპის ვირუსი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს.
გასული კვირის მონაცემებით, ჩვენ ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ ერთი კვირით მონაცემზე შემცირებულია 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციით. ისიც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41 პროცენტიდან 33 პროცენტამდე, მაგრამ 33 პროცენტიც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ, მოიმატა ასევე ბოლო კვირაში გარკვეულად სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობამ, ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ, რომ ამუშავდა უკვე დღევანდელიდან ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლი, რომელიც წარმატებით იქნა წინა სეზონების დროს გამოყენებული,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.