საფერავი და რქაწითელი ალუმინის ქილაში – სიახლე, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა

რამდენი ტიპის “ჭურჭელში” გინახავთ ქართული ღვინო – ყველაზე გავრცელებულით დაწყებული, ყველაზე მოულოდნელით დამთავრებული: ქვევრი, ტიკი, ბოცა, ბოთლი, ფიალა, ქალის ფეხსაცმელი, კრამიტი, ლამფის შუშა და ბლენდერიც კი. ეს ყველაფერი აღარავის უკვირს, თუმცა, აქამდე, სავარაუდოდ, ალუმინის ქილაში ჩამოსხმული საფერავი არსად შეგხვედრიათ.

სწორედ ამ უჩვეულო შეფუთვას გვთავაზობს კომპანია მივინო.

მივინო აქცენტს სიმარტივეზე აკეთებს და გვეუბნება, რომ ღვინის დალევა რთული პროცესი არ უნდა იყოს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არაა.

ამ წამოწყებას სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, თუმცა ქილის შეფუთვას ბევრი დამცველიც ჰყავს. მათი აზრით, ინოვაციები ამ კონსერვატიულ დარგში ნამდვილი გმირობაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღვინის ამ ფორმით დაფასოება უნიკალური იდეა არაა. ალუმინის ქილებში ჩამოსხმული ღვინო $45-მილიონიანი ბიზნესია. 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე ქილის ღვინოს გაყიდვით მიღებული მოგება აშშ-ში 43%-ით გაიზარდა.

ქილის ღვინოს უმეტესად მილენიალები სვამენ და ამ ფორმით ღვინის ტრანსპორტირება პლიაჟზე, პარკში თუ ლაშქრობაში ბევრად ადვილია, ვიდრე ბოთლით.

როგორც გავარკვიეთ, ერთი ქილა საფერავისა და რქაწითელის ფასი 6 ლარი და 40 თეთრია.

წყარო: on.ge