გედევან ფოფხაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვების მოთხოვნით მდინარაძეს მიმართა

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, ფრაქცია ქართული ოცნების დატოვების მოთხოვნით, მამუკა მდინარაძეს მიმართა.

ამის შესახებ თავად ფრაქციის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცნობილია, გედევან ფოფხაძე პარტიის დატოვებასაც აპირებს. ის საგანგებო განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.

გუშინ კი საპარლამენტო უმრავლესობა სამმა დეპუტატმა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა, დატოვა.

ეკა ბესელიამ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი და თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, პარლამენტმა ჩააგდო.

ბექა ნაცვლიშვილმა კი გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მის ინიცირებულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა.