დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დღეს კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, პატიმრობის შუნარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და გათავისუფლებას.

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ახალი გარემოებები და სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობა არ არსებობდა.

დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.