ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება იგეგმება, რაშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებთ ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე მაია ბითაძის თქმით, წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება.

„ნაგავსაყრელი ნამდვილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მისი არასწორად დაგეგმარების გამო, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა. როგორც გასულ წელს, ასევე, მიმდინარე წელს, ძალიან მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ და წელს უფრო ფართომასშტაბიანს ჩავატარებთ იმისთვის, რომ ნაგავსაყრელიდან მეთანის წარმოშობისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელების საკითხი გადაწყდეს. ასევე, დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შეგვეძლება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელსაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, – განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.