რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობაზე 250 მლნ ევრო დაიხარჯება

„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ბანკის წვლილს სატრანსპორტო დერეფნის, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში. მისივე თქმით, აღნიშნული მაგისტრალები საქართველოს საგზაო სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.