სისხლიანი გარჩევა ვერცხლის ქუჩაზე – პოლიციას მკვლელობაში ბრალდებული პირი ამ დრომდე არ დაუკავებიათ

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში მხილებულ 1979 წელს დაბადებულ პირს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის ალექსანდრე ბიძინაშვილია.

როგორც ირკვევა, მისი ძმა, ბესო ბიძინაშვილი ბრალდებულმა ლაშა სიხარულიძემ ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ალექსანდრე ბიძინაშვილმა კი საპასუხო გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ზვიად ჯაფარიძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

დაჭრილი ბესო ბიძინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა. ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე 5 პირია დაკავებული. მათგან ორი ერთი ოჯახის წევრია, ლაშა და ზაზა სიხარულიძეები. დაკავებულებს გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას ედავება.

მათი ინტერესების დამცველებმა თბილისის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვეს. ისინი საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ, რადგან არც ბრალია წარდგენილი და ადვოკატებს ასევე საქმის მასალები არ გადასცემიათ.

ლაშა და ზაზა სიხარულიძეების უფლებადამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომ თითქოს, ლაშა სიხარულიძემ მიაყენა ჭრილობა ბესო ბიძინაშვილს, ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს ვერსია სწორი არ არის.