ქვეყანაში წითელას ეპიდემიური აფეთქება ისევ გრძელდება

წითელას ეპიდემიური აფეთქება ქვეყანაში ისევ გრძელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა მისივე თქმით, დღეში საშუალოდ 2000-იდან 2500-მდე ადამიანი დამატებით იცრება, რაც, მისი შეფასებით, ძალიან კარგია, რადგან წითელას მხოლოდ მასობრივი აცრა შეაკავებს.

„წითელას ეპიდემიური აფეთქება ქვეყანაში გრძელდება. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვის მატება არ აღინიშნება, მაჩვენებელი არის ერთი და იგივე დონეზე, დაახლოებით, 30-35 ახალი შემთხვევა. მთლიანად, დღევანდელი რიცხვით, პირველი იანვრიდან მოყოლებული წითელას 1350-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ამიტომ, სერიოზული შემაკავებელი ღონისძიებები ტარდება. ერთ-ერთი შემაკავებელი ღონისძიება გახლავთ წითელას საწინააღმდეგო აცრები. კარგია, რომ მოსახლეობამ ეს გაითავისა და აქტიურად მიდიან ადამიანები პოლიკლინიკებში და იცრებიან. დღევანდელი რიცხვით, 19 იანვრიდან დღემდე, დამატებით 72000 ადამიანია აცრილი და ეს პრინციპში კარგია, რადგან წითელას შეაკავებს მასობრივი აცრა, ანუ იმ ადამიანების აცრა, რომელთაც არ აქვთ გადატანილი წითელა, ან არ ახსოვთ საერთოდ არიან თუ არა აცრილები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.