შსს-მ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა

შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე FACEBOOK -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ facebook-ის გვერდით- “buba lomtatidze” – ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომ “facebook”-ის გვერდზე, ერთ-ერთმა მომხმარებელმა “buba lomtatidze”-მ საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები. ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და “FACEBOOK” -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ “facebook”-ის გვერდით- “buba lomtatidze” – ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის – მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის.

დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა. ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც “youtube”-ზე კადრები ატვირთა“, – განაცხადეს შსს-ში

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.