20 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარს მიაგნეს

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში ისე ზღვაში 24:00 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა. ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
16 წლის მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.