600 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიწა დაირეგისტრირა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა.
პრემიერის განცხადებით, დღეს ყველა ის სირთულე აღმოფხვრილია, რომელიც მიწის რეგისტრაციასთან იყო დაკავშირებული.

„მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში მიწის რეგისტრაცია გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი გახდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმის ეს ეტაპი 2016 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა. დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია ყველა ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, გახლავთ ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ეს გახლავთ ამ რეფორმის მთავარი იდეა.

2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 600 700-მდე განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა. ჯამურად კი რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი შეადგენს 300 000 ჰექტარზე მეტს. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ რეფორმის განხორციელება ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.